ახალი ამბები
სოხუმი გალის მცხოვრებლებს მოუწოდებს "საზღვარი" მხოლოდ ენგურის ხიდით გადაკვეთონ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურში გალის რაიონის ოთხი მოქალაქის დაღუპვის ფაქტზე თბილისის რეაქციას ეხმაურება. მათი შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარი "პოლიტიკური სპეკულაციების და ისტერიის საგანი" გახდა.

ამავე განცხადებით, "როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე მისი პოლიტიკური ოპონენტები არა იმდენად ადამიანის სიკვდილით არიან შეწუხებული, რამდენადაც მოჩვენებითი პატრიოტიზმის დემონსტრირების საშუალებას იყენებენ და კიდევ ერთხელ თავს ესხმიან რუსეთს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით", - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო უწყება მოუწოდებს გალის მცხოვრებლებს, ე.წ. საზღვარი მხოლოდ ენგურის გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთონ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

7 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შამგონასა და ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე, მაშველებმა გალის 4 მცხოვრების ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილების ახლობლების ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან მდინარის გავლით ზუგდიდში ცდილობდნენ გადმოსვლას პროდუქტების შესაძენად. როგორც ვარაუდობენ, ისინი უეცრად მოვარდნილი წყლის ნაკადს ვერ გაუმკლავდნენ და წყალს თავი ვერ დააღწიეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ამ დროისთვის ენგურზე გადმოსვლის მცდელობისას ყველა დაღუპულის ცხედარი გალში გადაასვენეს.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობამ 10 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა. 




Print