ახალი ამბები
ვგლოვობთ ენგურში დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს - ევროკავშირი
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ენგურის გადალახვისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, დღეს, 10 აპრილს გლოვის დღეა გამოცხადებული. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

2021 წლის 7 აპრილს, სოფელ ორსანტიასა და შამგონაში მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსვლას ენგურის გადმოლახვით ცდილობდნენ.

გარდაცვლილებს შორის არის 45 წლამდე ცოლ-ქმარი, 30 წლის ქალი და 60 წლის მამაკაცი. ყველა ცხედარი მშობლიურ სოფლებში ენგურის ხიდიდან უკვე გადაასვენეს.
Print