ახალი ამბები
სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლებს შორის 4 სამეგრელო-ზემო სვანეთიდანაა
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ გამოფენა-კონფერენციაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთიდან 4 გამარჯვებული გამოვლინდა. ნომინაციაში "რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წლის საუკეთესო მეურვე პედაგოგი" მესტიის II საჯარო სკოლიდან ლაშა დადვანი, ხოლო ჩხოროწყუს სოფელ ჭოღას სკოლიდან ეკა ჩიქოვანი დასახელდა. რაც შეეხება კატეგორიას "წლის წარმატებული პედაგოგი", საუკეთესოთა შორის ზუგდიდის სოფელ ორულუს სკოლიდან მაყვალა სოსელია, ხოლო ჩხოროწყუდან ახუთის საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი გოგია დასახელდნენ. მათ სიგელებთან ერთად წიგნები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

ორგანიზატორების განმარტებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიური ღონისძიება მიზნად საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებას ისახავს. ის პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში იმართება, რომელსაც PH International-საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".
Print