ახალი ამბები
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადაეცა (ვიდეო)
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გლობალური გრანტის ფარგლებში "როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა" რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი უსასყიდლოდ გადასცა.
გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის" და "როტარი" კლუბი თბილისის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მალხაზ თორიამ "როტარი კლუბის'' მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამედიცინო პერსონალს პანდემიის პერიოდში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა "როტარი კლუბი თბილისი ამბასადორს", რომელმაც რუხის კლინიკას დღეს გადასცა თანამედროვე რენტგენის პორტატული აპარატი და მოუგვარა კლინიკას ეს საჭიროება. რუხი დღეს ემსახურება არამარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ აქვს", - აღნიშნა გუბერნატორმა.

"როტარი კლუბის" პრეზიდენტის ივეტა ჭელიშვილის ინფორმაციით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მხარდასაჭერად პროექტებს ისინი მომავალშიც განახოციელებენ.


Print