ახალი ამბები
სოხუმი - მოქმედი შეზღუდვები ვაქცინაციის დაწყებამდე გახანგრძლივდება
სოხუმი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვების კიდევ 1 თვით გაგრძელებას გეგმავს. კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის გამკაცრებაზე იმსჯელეს. სკოლებში ეპიდაფეთქებების რისკის ასაცილებლად, განახლდება საველე შემოწმებები რესპუბლიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წერს "აბხაზია ინფორმი".

შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ შეზღუდვები მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებამდე უნდა გაგრძელდეს. შტაბის მიერ შემუშავებული წინადადებები "პრეზიდენტმა" უნდა განიხილოს და შესაბამის განკარგულებას მოაწეროს ხელი.

მარტის დასაწყისში "ჯანდაცვის სამინისტროს" პრესსამსახურმა განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის შემოტანის თარიღთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ.
მანამდე, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენჯერმე დააანონსა ვაქცინაციის დაწყების თარიღი.

იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას, "სპუტნიკ ვ"-ს აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების სახით ელოდებიან უფრო ადრე დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამაც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და პრეპარატის შემოტანა თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იგეგმება.

30 მარტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ. მისი თქმით, მსურველებისთვის ვაქცინის გაკეთება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი.

სოხუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მარტიდან მოიხსნა - მუშაობენ სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის და კვების ობიექტები, (სტუმრების ღია სივრცეებში მიღების პირობით). ამ დრომდე, აკრძალულია, მასობრივი სპორტული და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.



Print