ახალი ამბები
რუსეთის მიერ დაწესებული ლიმიტის გამო, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები ამოქმედდა
დღეიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობას ელეტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს. ახალი გრაფიკის თანახმად, ელექტროენერგია დღისით 1 საათით, ხოლო ღამით - 2 საათით შეიზღუდება.

6 აპრილიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვები დაიწყო. ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2020 წლის დეკემბრიდან, სოხუმს ელექტროენერგიით მოსკოვი ამარაგებს.

8 აპრილს, რუსულმა მხარემ აფხაზეთის ენერგოსისტემის მოსამარაგებლად 7 მილიონ კვტსთ-იანი ლიმიტი დააწესა, მაშინ, როდესაც რესპუბლიკის უწყვეტი მომარაგებისთვის 9.6 მილიონი კილოვატსაათია საჭირო, აცხადებენ "ჩერნომორენერგოში".

ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება 2021 წლის იანვარში დაიწყო.

2020 წლის დეკემბრის შუა რუცხვებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "სანამ ენგურჰესი გაჩერებული იქნება, აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიას რუსეთისგან მიიღებს და ხარჯებსაც დე ფაქტო მთავრობა თავად დაფარავს".

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ენგურჰესის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 96 მილიონი ლარი იქნება, განხორციელების შედეგად კი, სადგურის წლიური ხარჯი 47.9 მილიონი ლარიდან 24 მილიონ ლარამდე შემცირდება, 15-წლიან პერიოდში კი, რეაბილიტაციის მიერ მოტანილი სარგებელი 264 მილიონი ლარის ტოლი იქნება.

ქართველის ენერგეტიკოსების ვარაუდით, ჰესის ფუნქციონირება 10 მაისისთვის უნდა აღდგეს.


Print