ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელიამ და "ქართული ოცნების" კიდევ 5-მა დეპუტატმა პარტია დატოვა
"ქართული ოცნების" 6-მა დეპუტატმა, მათ შორის აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა ალექსანდრე მოწერელიამ პარტია დატოვა. მასთან ერთად მმართველი გუნდიდან გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური წავიდნენ. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა პარლამენტში გააკეთეს. მათი თქმით, დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად, ახალი პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას იწყებენ.

"ჩვენ ვიყავით "ქართული ოცნების" წევრები და შესაბამისად, ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე და ეს ის პრობლემებია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებსა და მოსახლეობას აინტერესებს და არა პოლიტიკური პარტიების დაუსრულებელი დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმისა და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
Print