ახალი ამბები
წალენჯიხასა და მარტვილში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში, მოქალაქეს, ერთი უკანონო ლენტური სახერხი საამქრო, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მორი. გარდა ამისა, დაურეგისტრირებული ლენტური ტიპის 3 სახერხი საამქრო გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში. მოქალაქეებს, სახერხი დანადგარები საქმიან და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სამი სახერხი საამქროს ტერიტორიებიდან, ჯამში ამოღებულია, 9 ერთეული წიფელას სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 4 ერთეული წიწვოვანი (ნაძვი) დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2მ³ ნაძვისა და წიფელას სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

"ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.


Print