ახალი ამბები
ენგურის ხიდთან აფხაზეთიდან გადმომსვლელების ტესტირება მიმდინარეობს
დე ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელების ანტიგენით ტესტირება დილიდან დაიწყო. ენგურის ხიდთან განთავსებულია ორი მოსაცდელი კარავი და ორი სპეციალური ოთახი სწრაფი ტესტირებისთვის. ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა. 

"მოხდება ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით. რომელიც ფაქტობრივად, 20 წუთის დაყოვნების შემდეგ იძლევა პასუხს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილდებიან მოქალაქეები, დადებითი პასუხის შემთხევაში კი მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადა, რომელიც შეაფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმის შესაბამისად იქნებიან გადაყვანილი კოვიდკლინიკაში ან საკარანტინე სივრცეში, ან შესაძლოა გადაწყდეს სახლში იზოლაცია", - უთხრა ჟურნალისტებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

მისივე განმარტებით, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების საკარანტინო სივრცეში გადაყვანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ოდიშარიას თქმით, მოქალაქეებს ადგილზე მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ სასურველ კლინიკებში.

ადგილზე იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები და პოლიცია.
Print