ახალი ამბები
სოფელ ბალდაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, მოქალაქე მარტვილის სოფელ ბალდის ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.

ამავე ცნობით, სამართალდამრღვევს ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა დიდი ოდენობით ხე-ტყე - დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის 10 ერთეული და ნეკერჩხლის სახეობის 3 ერთეული მრგვალი მორი.

„დალუქვის მიზნით ავტომანქანის შესაბამის ადგილას გადაყვანის დროს, მორების დამჭიმი ღვედი გაწყდა და ხე-ტყე მანქანის ძარიდან გადმოიყარა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა და მორები დალუქეს, სამართალდამრღვევის მიმართ კი, შესაბამისი აქტი შეადგინეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

Print