ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდთან მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ენგურის ხიდთან მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო. დე ფაქტო რესპუბლიკიდან გადმოსულებს შორის პენსიონერები, მრავალშვილიანი დედები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები არიან.

"ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გავეცანით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეპიდვითარების კვლევას ითვალისწინებს. ამ დრომდე , ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1200-მდე ადამიანია გადმოსული, დღიური საშუალო მაჩვენებელი კი 300-ია", - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა.

ენგურის ხიდთან ამ ეტაპზე 4 სამედიცინო ბრიგადაა მობილიზებული. გადმომსვლელთა დასაყოვნებლად ორი მოსაცდელი კარავია მოწყობილი. ორი სპეციალური ოთახი კი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი. საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების საკარანტინო სივრცეში გადაყვანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. მოქალაქეებს ადგილზე მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და მსურველებს ადგილზევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ კლინიკებში.

ინფორმაციისთვის, დე ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი 19 აპრილიდან გაუქმდა.
Print