ახალი ამბები
ღარიბაშვილი: ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას
ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას ეხება.

„მე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტების კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განახლებას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. საქართველოში რა თქმა უნდა, უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გახადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთის და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეებისთის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და განვითარების პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია და პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 15 000 ადამიანი დასაქმდება.


Print