ახალი ამბები
რა გეგმები აქვთ გეოლოგებს ჟაბეშში მეწყრული პროცესების განვითარების საწინააღმდეგოდ - ადგილზე სამუშაო ჯგუფი რჩება
მესტიაში, სოფელ ჟაბეშში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებასთან დაკავშირებით ადგილზე გეოლოგები იმყოფებოდნენ და არსებულ სიტუაციას გაეცნენ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა კი რამდენიმე პუნქტს მოიცავს.

ამავე ცნობით, 2021 წლის აპრილის თვეში მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის თემის, სოფ. ჟაბეშის ტერიტორიაზე ადგილი აქვს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რის შედეგადაც დასახლებული პუნქტის ფარგლებში გამდინარე მდ. ჟაბეშის ხევის (მდ. მულხურას მარცხენა შენაკადი) ჭალა-კალაპოტის ზონისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე გეოდინამიკური სიტუაცია უკიდურესად გართულებულია.

გეოლოგების დასკვნით, აღნიშნული პროცესების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია ტერიტორიის რთული მორფოლოგიური და გეოლოგიური პირობები და მდინარის სათავის ზონაში არსებული მძლავრი მეწყრული სხეული, რომლის გააქტიურებასაც ხელი შეუწყო სამიზნე არეალში, დროის ამ პერიოდისათვის დამახასიათებელმა თოვლის დნობისა და უხვი ატმოსფერული ნალექების (წვიმის სახით) თანხვედრილობამ, რის შედეგადაც მეწყრული მასები გადაიზარდა/ტრანსფორმირდა ღვარცოფულ ნაკადებად, რომელმაც თავის მხრივ მწყობრიდან გამოიყვანა აქ არსებული ინფრასტრუქტურა (სახიდე გადასავლელები) და საშიშროება ექმნება საკარმიდამო ნაკვეთებს და საცხოვრებელ სახლებს.

„ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ეტაპზე აუცილებელია პირველადი გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, კერძოდ:

სასწრაფოდ გასაწმენდია ღვარცოფული წყალსადინარი მეწყრული უბნიდან დაწყებული, მდ. მულხურას შესართავის უბნამდე, დაახლოებით 800 მეტრის მანძილზე, რათა ყოველ მომდევნო ახალ ღვარცოფულ ნაკადს ტრანზიტის ზონაში
დახვდეს თავისუფალი სივრცე;

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კალაპოტის გაწმენდა/ჩაღრმავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს დასახლებულ ტერიტორიას, ასევე, ღვარცოფული წყალსადინარისა და მდ. მულხურას შეერთების უბანს, რათა
ღვარცოფული ნაკადები უპრობლემოდ განიტვირთოს მდ. მულხურას კალაპოტში;

საჭიროა ადგილობრივი ძალებით დაწესდეს მონიტორინგი (განსაკუთრებით უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლის შემთხვევაში), რათა სიტუაციის გართულების შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული უარყოფითი შედეგები; - ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები გადაუდებლად არის განსახორციელებელი, ხოლო მომავალში პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში გადასაჭრელად საჭირო გახდება შესაბამისი პროექტის
საფუძველზე კაპიტალური ღონისძიებების გატარება", - აღნიშნულია გეოლოგების დასკვნაში.

როგორც მერიაში განმარტავენ, სოფელ ჟაბეშში გართულებული გეოდინამიკური პროცესებიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და განთავსდა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.

ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მოხდება სტიქიური პროცესების მეთვალყურეობა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობას უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების ნივთებით.

სტიქიის საპრევენციო სამუშაოებს ამ დროისთვის კომპანია "ლიდერი პლიუსი" მძიმე ტექნიკით ახორციელებს.










Print