ახალი ამბები
ახრა ავიძბას მომხრეებმა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, სოხუმში აქცია გამართეს
სოხუმში ახრა ავიძბას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ავიძბას დაკავების ვადა, სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2 აპრილის გადაწყვეტილებით, 5 მაისის 00 : 00 საათზე იწურება და შესაბამისად, ისინი მის გათავისუფლებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკრებილები "შს სამინისტროს" შენობის შესასვლელის გადაკეტვით და შიმშილობით იმუქრებოდნენ. უწყების წარმომადგენელთან, რობერტ კიუტთან გასაუბრების შემდეგ, აქციის მონაწილეებს რადიკალური ზომებისთვის არ მიუმართავთ, წერს "აიაირა". 

შეკრებილებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დიმიტრი დბარი შეხვდა, რომელმაც მათ განუცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებენ, თუ სასამართლო გადაწყვეტს ახრა ავიძბას გათავისუფლებას, ისინი მას გაათავისუფლებენ.

ახრა ავიძბას ადვოკატი ინგა გაბილაია არ ეთანხმება გულრიფშის სასამართლოს გადაწყვეტილებას ავიძბას პატიმრობაში დატოვების შესახებ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ 16 მარტს არ დააკმაყოფილა "პრეზიდენტის" ყოფილი თანაშემწის, დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი უკანონო დაჯგუფების მეთაურის, ახრა ავიძბას ადვოკატის საჩივარი და ავიძბა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ახრა ავიძბა სოხუმში 4 მარტს დააკავეს. 6 მარტს მას პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იარაღის უკანონოდ შენახვაში წაუყენეს ბრალი. მასთან ერთად დააკავეს 5 პირი. 7 მარტს, სოხუმის "სასამართლომ" ავიძბას ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა. ავიძბასთან ერთად დაკავებული 4 პირი დონეცკის მცხოვრებია, ერთი კი - ყაბარდო-ბალყარეთის.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ავიზბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნა ახალი გაერთიანება, "ახალი ადამიანები". მანამდე, 2 მარტს ის ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობდა სოხუმის ცენტრში გამართულ მიტინგში, სადაც ბენურ კვირაიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის სკანდალურ ვიდეოს აპროტესტებდნენ.

გამოცემის  ინფორმაციით, ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდება. ის აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა "პრეზიდენტის" პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა. ოპოზიციაში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად იქცა 2019 წლის 22 ნოემბერს მისი ბიძაშვილის, 38 წლის კანონიერი ქურდის "ხასიკის" მკვლელობა.

2020 წლის ივნისიდან ახრა ავიძბა საერთაშორისო საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა. მან "თანამდებობა" 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა" დაასახელა.




Print