ახალი ამბები
ლელა ქებურიამ გუბერნატორს სიმბოლურად წვენი მიუტანა
"ევროპული საქართველოს" წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა ლელა ქებურიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გუბერნატორს სიმბოლურად წვენი მიუტანა. ამით მან გააპროტესტა გუბერნიის მიერ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები, რაც, ქებურიას მტკიცებით, არამიზნობრივია. ის ადგილობრივი ბიუჯეტით სტუმრების გასამასპინძლებლად ხილის ასორტის, ტორტისა და წვენების შეძენაზეც საუბრობს.

"მე მოვუტანე ეს წვენი იმის ნიშნად, რომ თუ მას მოწყურდება ან რომელიმე სტუმრის გამასპინძლება დასჭირდება, ელემენტარული ძღვენით მას მე დავეხმარები, შევეცდები, რომ გუბერნატორმა ხალხის ფული ამაში არ დახარჯოს", - აღნიშნა ქებურიამ.

ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს უპასუხა გუბერნატორმა მალხაზ თორიამ. მან ქებურიას ხარჯების დეტალური და სიღრმისეული შესწავლა ურჩია და დასძინა, რომ გუბერნიას ბოლო პერიოდში რამდენიმე ათეული ათასი ლარის ეკონომია აქვს გაკეთებული.

"გუბერნიის სრული ბიუჯეტი მთელი წლის განმავლობაში შეადგენს 890 ათას ლარს, აქ შედის როგორც სახელფასო ფონდი, ასევე ყველა სხვა ხარჯი რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის. წელს არ გაზრდილა არც ბიუჯეტი და არც ხარჯვითი ნაწილი, შესაბამისად ეს არის ელემენტარული ხარჯები, რაც სჭირდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და მუშაობისთვის. ბიუჯეტი არის მაქსიმალურად შემცირებული, პირიქით გვაქვს ეკონომიები. რაც შეეხება ხარჯებს, მუდმივად ხდება ყოველწლიურად მისი შემცირება და ოპტიმიზაცია. ის რაც დღეს თქვენ იხილეთ არის იაფფასიანი პოლიტიკური მასკარადი. ეს არის სრული დემაგოგია და თქვენ შეგიძლია ჩვენი დეტალური ბიუჯეტი ნახოთ და გაეცნოთ. პირიქით, ჩვენ გვაქვს ეკონომია და მხოლოდ სამი თვის განმავლობაში 30 ათასი ლარის დანაზოგი გვაქვს", - თქვა თორიამ.

დღეს სამეგრელოს ინფრასტრუქტურის მინისტრი სტუმრობდა.















Print