ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი დაითხოვეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ დაგარგულია გაათავისუფლეს. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, შესაბამისი განკარგულება გუშინ მიიღო, სადაც სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 107-ე მუხლია მითითებული. დაგარგულიას თქმით, მას აღნიშნული კანონის არც ერთი ქვეპუნქტი არ დაურღვევია და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

"აუცილებლად გავასაჩივრებ, რადგან ვაპირებ განმარტებები სასამართლოში მივიღო. სამსახურიდან გაშვებები ყოფილა გუშინ, რაღაც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვხედავ ამაში, თუმცა მე ვარ პროფესიული საჯარო მოხელე, ყოველთვის ვასრულებდი მოვალეობას, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური გუნდი იქნება ხელისუფლებაში. პოლიტიკური ნიშნით მე არ ვყოფილვარ დანიშნული, არავის რეკომენდაციით არ დავნიშნულვარ არასდროს, მერამდენე სამსახურია ჩემთვის. უბრალოდ, რახან სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, ვუკავშირებ სხვების გათავისუფლებას, ჩემს შემთხვევასაც. მე იურისტი ვარ, სამართლებრივად მოვიგებ ამ დავას ასე მგონია. ერთი თვე მაქვს დრო, ჯერ ცოტას დავისვენებ, შვებულებით სარგებლობას ვერ ვახერხებდი აქამდე", - ამბობს დაგარგულია.

ინფორმაციისთვის, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან გუშინ მხარის გუბერნატორმა გადააყენა. სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისთვის გათავისუფლდნენ.

ამავე თემაზე: 

ლაშა გვასალია: გუბერნიიდან გახარიასთან მეგობრობის მიზეზით გამათავისუფლეს


Print