ახალი ამბები
გეგა შენგელია: ამ ეტაპზე არ განვიხილავ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა, ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის პოლიტიკიდან მიდის. კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს, შენგელია პასუხობს, რომ გამორიცხული არასოდეს არაფერი არ არის, თუმცა ამჟამად კერძო სექტორში აპირებს გადასვლას. მისივე თქმით, მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა. 

"არ განვიხილავ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე ჩემს ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს ნიშნავს იმას, რომ, როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში, "ქართული ოცნების" გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო ბატონი გიორგი გახარია, შემდგომში - პრემიერ მინისტრი, რომლის პრემიერობის პერიოდშიც მე მომიწია მუშაობამ და მისი და მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით განხორციელდა ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები", - თქვა შენგელიამ.

მან მადლობა გადაუხადა ზუგდიდელ ამომრჩეველს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება მოითხოვს, ის არ გამორიცხავს პოლიტიკაში დაბრუნებას. 


Print