ახალი ამბები
ე.წ. კომენდანტის საათი 2 საათით გვიან დაიწყება, ღია სივრცეში კვების ობიექტები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ - რეგულაციები შემსუბუქდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება და 05:00 საათამდე იქნება. ცვლილებები დღეიდან შევა ძალაში.

„მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც პირებს თუ ორგანიზაციებს ჰქონდათ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც მიიღონ.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ- კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ, ცხადია რეგულაციების სრული დაცვით. ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიური ტენდენციაზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში პირველი ივნისიდან ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქებაც იქნას მიღებული“, - აღნიშნა განაცხადა ღიბრაძემ.
Print