ახალი ამბები
გერმანიის საელჩომ სოხუმსა და გუდაუთას 46 000 ევროს ღირებულების სამედიცინო დახმარება გადასცა
გერმანიის საელჩომ საქართველოში კოვიდ-19-თან საბრძოლველად სამედიცინო დაწესებულებებს სოხუმსა და გუდაუთაში 46 000 ევროს ღირებულების სამედიცინო დახმარება გადასცა. საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დახმარების მიზანია, რომ იქ გაუმჯობესდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობები, მკურნალობა და სამედიცინო პერსონალის დაცვა. ამავე ცნობით, დახმარებაში შედის გენერატორები, ჟანგბადის კონცენტრატორები, ულტრაიისფერი ნათურები, პულსოქსიმეტრები, სწრაფი ტესტები, დამცავი ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები.

17 მაისის მონაცემებით, აფხაზეთში 279 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 45 - ს კოვიდ – 19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 006 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 031, გარდაიცვალა - 226 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

სოხუმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.

Print