ახალი ამბები
ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობაში სავარაუდოდ სამი პირი მონაწილეობდა
სოხუმში მოკლულ ქემალ არძინბას, წინასწარი ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა პირმა ესროლა, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა "ეხო კავკაზას" განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენეს. ეჭვმიტანილებს მთელ აფხაზეთში ეძებენ, გამოძიება კი სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილზე, ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა 18 მაისს, საღამოს, სოხუმში, ჩაჩბას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოსთან მოხდა. დაჭრილი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქემალ არძინბას მკვლელობის გამო დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-მ პირად შემადგელობაში განგაში გამოაცხადა და სოხუმიდან გასასვლელები ჩაკეტა.

ქემალ არძინბას სახელს აფხაზეთში რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი უკავშირდება. მედიის ცნობით, მასზე თავდასხმის მცდელობა 2004 წელსაც იყო. გასულ წელს , როდესაც ვლადისლავ არძინბას სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ სროლა მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ნათესავებმა დაიწყეს, რომლებიც, თითქოსდა ქემალ არძინბას ეძებედნენ.



Print