ახალი ამბები
ზუგდიდში პროგრამა "მომავლის თაობის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორებმა პროექტის შედეგები შეაჯამეს და ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები და პედაგოგები დააჯილდოვეს.გარდა ამისა, ასოციაცია "ათინათმა" წლის საუკეთესო სამოქალაქო კლუბის ლიდერი მოსწავლეები გამოავლინა."32 საჯარო სკოლაში ვიმუშავეთ სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციის მიზნით. დღეს არის 3 წლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი იმით, რომ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად შევძელით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განგვეხორციელებინა, გვეთანამშრომლა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ბევრი პრობლემა მოგვეგვარებინა თემში. იმედი მაქვს რომ სამოქალაქო კლუბები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ სკოლების ბაზაზე, გააგრძელებენ მუშაობას", - აღნიშნა პროგრამის კოორდინატორმა სალომე გარდავამ.PH International-ის წარმომადგენელმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა ასოციაცია "ათინათი"."მომავლის თაობაში" ჩართულმა მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტების პრეზენტაციები წარადგინეს.  ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების და პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" 2018-2021 წლებში სამეგრელო რეგიონის 32 საჯარო სკოლაში ხორციელდებოდა. ის PH International-საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".
Print