ახალი ამბები
წალენჯიხაში ავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა
წალენჯიხის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მათივე თქმით, რამდენიმე ახალგაზრდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა და ისინი, სავარაუდოდ, "ბოლო ზარს" ზეიმობდნენ. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდი რეფერალური ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან.

"შემოყვანილია ოთხი ახალგაზრდა. ერთს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, მეორეს წელის მეხუთე მალის მოტეხილობა, მესამეს სხივის ძვლის მოტეხილობა. ოთხივესთან ვლინდება მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ექსკორიაციები", - თქვა ორჟინიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტებს კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print