ახალი ამბები
აფხაზეთი-სამეგრელოს ე.წ. საზღვრის გადმოლახვისას მამაკაცი ხევში გადაიჩეხა - მდგომარეობა მძიმეა
წალენჯიხა-გალის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთისას, სოფელ მუჟავაში, ხევში ახალგაზრდა მამაკაცი გადაიჩეხა. ის მაშველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სოფელში მერის წარმომადგენლის მამუკა ჩხაპელიას თქმით, თავდაპირველად ორი დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა არ დადასტურდა. მისივე თქმით, მაშველებმა მეორე ადამიანის კვალს ვერ მიაგნეს.

„როგორც ჩანს ოკუპირებული გალის რომელიღაც სოფლიდან მოდიოდა საცალფეხო გზით. ცხენით ყოფილა, ცხენი მოკვდა. რთული რელიეფია და ალბათ გადაიჩეხა ხევში. ითქვა, რომ შესაძლოა ორნი ყოფილიყვნენ, თუმცა მეორეს შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. დაშავებული უგონო მდგომარეობაში იპოვეს, შესაბამისად მისგან თანმხლები პირის შესახებ ვერაფერი შეიტყვეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჩხაპელიამ.

დაშავებული თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა მისი ქუთაისში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.



ფოტო: DMO
Print