ახალი ამბები
ნიკა მელია ზუგდიდში: მიხარია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შევთანხმდით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასა და პარტიის წევრების შეხვედრა ზუგდიდში დასრულდა. ენმ-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან სხვადასხვა საკითხი განიხილა და ყველა მნიშვნელოვან თემაზე შეთანხმდნენ.

„ეს არ არის შეხვედრა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეხება ბრძოლის გაგრძელებას სხვადასხვა ახალ პლატფორმაზე. ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხია, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით. ის, რომ პარტიაში არის, იყო და იქნება განსხვავებული მოსაზრებები მიხარია. ისეთი პარტია მინდა ავაშენო, რომელიც ორი ან სამი ადამიანის გარშემო კი არ იქნება გაერთიანებული, არამედ იქნება გაერთიანებული იდეების, ღირებულებების და ფასეულობების გარშემო და არ იქნება ვერტიკალური მართვა. რა თქმა უნდა ლიდერს აქვს თავისი წონა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხშირად ის უკეთ ხედავს მისი თანაგუნდელები, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მოწყვეტილნი მოლაპარაკებების მაგიდას. და ამისათვის რა ხდება? ჩამოვიდე, შევხვდე ჩემს მეგობრებს, გავცვალოთ არგუმენტები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. მიხარია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ შევთანხმდით, ბევრი ვისაუბრეთ და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ აქ, ადგილობრივ დონეზე“, - თქვა მელიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა საკითხებზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციისთვის, ენმ-ის თავმჯდომარე, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საკუთარი პარტიის წევრებს ხვდება.
Print