ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია და გიგა ფარულავა გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები არიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და წალენჯიხის, მარტვილის, აბაშისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გიგა ფარულავა გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები არიან. ისინი პარტია "საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერმა და ამჟამად პარტიის თავმჯდომარემ წარადგინა.

"წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც ქვეყნის და თავისი კუთხის სიყვარულით გადაწყვიტა, საჯარო სექტორში შემოედგა ნაბიჯები, დიდი ხანია, ცდილობს, დაგვიცდეს ხელიდან, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გამოსდის არაფერი. უაღრესად კეთილსინდისიერი და ეფექტური მენეჯერი", - ასე დაახასიათა მოწერელია გახარიამ.

რაც შეეხება გიგა ფარულავას, გიორგი გახარიას თქმით, სამართალმცოდნე გიგა ფარულავამ "ზედმიწევნით იცის თავისი კუთხის მიმდინარე პრობლემები".

"ადამიანი, რომელმაც ადგილზე შრომით დაიმსახურა, ჰქონდეს შესაძლებლობა ემსახუროს საქართველოს და არა მხოლოდ მის რეგიონს", - აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი გახარიას გუნდის წევრია ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით ფარცვანიაც, რომელიც გახარიამ ასე შეაფასა - "ახალგაზრდა, ეფექტური მენეჯერი".

პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობა აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში.

"ვერთიანდებით საქართველოსთვის არავის წინააღმდეგ... ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქისთვის, აბსოლუტურად ნათელია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი, რომელსაც შეუძლია და უნარი შესწევს სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს, უთხრას სიმართლე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. და რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას შესთავაზოს წესრიგი, ოღონდ სამართლიანი წესრიგი. სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც შეგვეძლება ყველას ერთად, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და რაც მთავარია, ვემსახუროთ სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში, მაშინ როდესაც პოლიტიკურ ძალებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის კინკლაობა ჩხუბი შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ქვეყნისთვის რაიმე პროგრესის მომტანია, არა! სინამდვილეში კარგ შემთხვევაში ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით, ცუდ შემთხვევაში ქვეყანა იხევს უკან", - თქვა ყოფილმა პრემიერმა.







Print