ახალი ამბები
აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია ხაბიბის სოხუმში ვიზიტის ჩაშლას აპროტესტებს
აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაამ" UFС-ის მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვის აფხაზეთში ვიზიტის ჩაშლა გააპროტესტა. ოპოზიციური გაერთიანება მოითხოვს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი და პარლამენტი გამოეხმაურონ "ანტი-აფხაზურ ქმედებებს" - კერძოდ, გაამკაცრონ მდინარე ენგურის გასწვრივ, ადმინისტრაციულ საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი. გარდა ამისა, "არუაა" მოუწოდებს დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებს, მედიას, სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს "გააპროტესტონ საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მხარამჭერი ქვეყნების ქმედებები", წერს "ეხო კავკაზა".

შერეული ორთაბრძოლების (MMA) მსოფლიო ვარსკვლავი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFС) ჩემპიონი, დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ივნისს უნდა ჩასულიყო და ცენტრალურ სტადიონზე მასტერკლასი ჩაეტარებინა თუმცა, გამოცემის ცნობით, ვიზიტი გაუქმდა "აშშ-ს და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლის" გამო, რასაც, სავარაუდოდ სამუშაო ვიზის გაუქმება მოყვებოდა და დარტყმის ქვეშ დააყენებდა ჰაბიბის პროფესიულ და კომერციულ კონტრაქტებს აშშ-ში და ასევე UFС-თან ურთიერთობას.

სოხუმში აცხადებენ, რომ "ხაბიბ ნურმაგომედოვმა მადლობის სიტყვები გადასცა აფხაზ ხალხს, აფხაზეთის ახალგაზრდა სპორტსმენებს დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის და სინანული გამოთქვა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებს".

მებრძოლი საქართველოში 2018 წელს იმყოფებოდა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა აკრძალულია. კანონის დარღვევა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


Print