ახალი ამბები
ზუგდიდში ქუჩის ცალმხრივად გადაკეტვასთან დაკავშირებით მოქალაქეები და ბიზნესმენები ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დაწესებულ ცალმხრივ მოძრაობასთან დაკავშირებით ადგილობრივებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ. როგორც რადიო "ათინათს" შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბიზნესმენმა გიორგი ნარმანიამ უთხრა, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი არგუმენტები და მოთხოვნები გააცნეს. 

"გვითხრეს რომ საკითხთან დაკავშირებით ჩაერთვება ექსპერტი, რაზეც ვუთხარით, რომ სანამ მიიღებდით გადაწყვეტილებას ქუჩის გადაკეტვაზე, მანამდე გაგევლოთ ბიზნესთან კონსულტაცია, გეკითხათ იქ მცხოვრები ხალხისთვის. არანაირი კვლევა, დასკვნა წინასწარი არ ყოფილა. მაქვს განცდა, რომ არ იქნება ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიღებული, რადგან ამ საკითხს ლობირებს ვიღაცეები", - თქვა გიორგი ნარმანიამ. 

ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქციებს პერმანენტულად გამართავენ. 

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მხარეების მოთხოვნა მოისმინეს და ამ დროისთვის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

"აღნიშნული საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია მოქალაქეებთან ერთად იმსჯელებს და საერთო ინტერესების გათვალისწინებით უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას", - გვითხრეს მერიაში.

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული ბიზნესობიექტების მფლობელებმა და  მოსახლეობამ აღნიშნულ ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობა გუშინ გააპროტესტეს. ადგილობრივების თქმით, შეზღუდვის გამო მათ სახლში მისვლა შემოვლითი გზით უწევთ. ბიზნესმენები კი ამტკიცებენ, რომ ქუჩის გადაკეტვა ერთ-ერთი მაღაზიის ინტერესებს ემსახურება, რის გამოც სხვა მარკეტებმა მომხმარებელი დაკარგეს.

Print