ახალი ამბები
სპორტკომპლექსი, რომელიც ხობში 2018 წელს უნდა ყოფილიყო, ჯერაც არ აშენებულა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2016 წელს ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები 2018 წელს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა მშენებლობის დასრულება სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე შეფერხდა. კვლევა ამის შესახებ ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ მოამზადა.

ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა იყო ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიღებული დაფინანსებით უნდა შესრულებულიყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სპორტულ კომპლექსში გათვალისწინებული იყო საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს, ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა. როგორც ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, თავდაპირველად სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა და მისი ღირებულება კი 2,971,370 ლარი იყო. გამარჯვებულმა კომპანია შპს ფერლით-ჯორჯიასთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2016 წელს ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც  კომპანია ვალდებულებას იღებდა სამუშაოები სრულად დაესრულებინა 18 თვეში, თუმცა, 2018 წელს კომპანიას მხოლოდ 840,887 ლარის ღირებულების სამუშაოები ჰქონდა შესრულებული, რაც სრული სამუშაოების მხოლოდ 33%-ია.

ამავე წელს კომპანიასა და მუნიციპალურ განვითარების ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და სამუშაოებიც შეჩერდა.

მომდევნო ტენდერი სპორტკომპლექსის მოწყობაზე 2020 წელს გამოცხადდა და მისი ღირებულებაც გაიზარდა (2,524,538 ლარი), თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციისა და დისკვალიფიკაციის გამო ტენდერი არ შედგა.

მესამედ 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულების ღირებულება ისევ გაზარდა და 3,201,198 ლარით განსაზღვრა. ამ ეტაპზე (20.05.2021) ტენდერის სტატუსია “მიმდინარე”.

სპორტკომპლექსის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხის, 3,201,198 ლარის 82% გრანტს/კრედიტს წარმოადგენს, ხოლო თანხის 18% ბიუჯეტიდან გამოიყო.
Print