ახალი ამბები
ნინო†მინდა - ზუგდიდელი აქტივისტების სტენსილი ბავშვთა პანსიონის თემაზე
ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტებმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. მათ დადიანების სასახლეთა ეზოში სტენსილი განათავსეს, რომლითაც ხაზს უსვამენ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას პანსიონში ვიზიტის აუცილებლობას.

"ნინოწმინდას "წ" მოშორდა სიმბოლურად, რადგან ვთვლით, რომ ამ დაწესებულებას წმინდა არაფერი შემორჩა. სტენსილზე ბავშვები "ნინო†მინდა" სკანდირებენ უხმოდ. პირი არ აქვთ სილუეტებს. უხმოდ ეძახიან", - გვითხრა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია, ომბუდსმენს შესვლის უფლებას უკვე თვეზე მეტია არ აძლევენ. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, პანსიონში ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება მიმდინარეობს.


სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით კი გუშინ, დაწესებულების შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
Print