ახალი ამბები
დაგანგრევთ სულ ყველას, ლიბერალებს - მიტროპოლიტი სტეფანე ქადაგებისას
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. სასულიერო პირი თვლის რომ ის, რაც ახლა პანსიონთან დაკავშირებით ხდება ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ ლიბერალები ზუსტად ისე ებრძვიან ეკლესიას, როგორც ფაშისტები და კომუნისტები.

„ძალადობას ებრძვიან ვითომ და თვითონ ძალადობენ. ისე ძალადობენ, რომ იქ ბავშვები ფაქტობრივად სტრესში არიან. აი, ამათი ძალადობით და არა იმიტომ, რომ იმათ ვიღაცამ რამე ცუდი გაუკეთა. შეიჭრნენ და გინდა თუ არა... და აი, ბავშვები შეშინებულები არიან, არ იციან რა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ. აღარ იციან ვინ იცავს, ვინ მოწინააღმდეგეა, სად წაიყვანენ, რა მდგომარეობაში იქნებიან. ზომბებს ეძახიან ბავშვებს, რომ ქრისტიანები არიან იმიტომ, თვითონ ზომბები . იდეოლოგიით შეპყრობილი ხალხი ეძახის ზომბებს ქრისტიანებს. აი, რა დრო დაგვიდგა. მადლობა უფალს, ღმერთი მაღლაა და ქრისტიანების ყველა მოწინააღმდეგე ღვთის წინაშე ჩანს. როგორც კომუნისტების დროს არავის არ შერჩა არაფერი, უფლის საწინააღმდეგო ქმედებები, არც ის კომკავშირელები არ არიან დღეს ასე ვთქვათ, წამყვანი ძალა, კომკავშირელები არიან სანაგვეზე. ახალი კომკავშირელები მოვლენ? იმ ახალ კომკავშირელებსაც სანაგვეზე მიუჩენს უფალი ადგილს. და უკვე ჩვენ დღეს სასულიერო პირები გვყავს, რომლებიც აი, ამ გადაგვარებას ხელს უწყობენ. აგერ ჩვენი დიდი კაცი - ათინოგენი ზის ამათთან, ლგბტ აქტივისტებთან და ჰო, კი, აბა რა, ესენი (სასულიერო პირები. ავტ.) რას შვრებიან და იმათთან ერთად. წავიდა გირჩებთან ტელევიზიაში და იმათთან ერთად ლაპარაკობს ეკლესიის საწინააღმდეგოს. კარგად იცოდეს ყველამ, უღმერთოთა კავშირებმა ჩვენ შევეწინააღმდეგებით და აი, ამ რაღაცას არ დავთმობთ. ვაი იმათ, უღმერთოთა კავშირის წევრებს, რომლებიც ღვთის წინაშე იძალავებენ და ნახავენ ყველაფერს... ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს და არც ცრუ კანონებს, მაგრამ რა ძალა გვაქვს ჩვენ? სიტყვა! ჭეშმარიტების სიტყვა! ჩვენ მეტი არაფერს გამოვიყენებთ. დაგანგრევთ სულ ყველას, ლიბერალებს. კარგად იცოდეთ სულ ყველამ, ჩვენი მართალი სიტყვა იქნება თქვენი დამანგრეველი. იცოდეთ ზუსტად, რომ თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ, რადგან უფალმა უკვე გაიმარჯვა. უფალმა სიკვდილი დაამარცხა სიკვდილით და აღდგომა არის ის ძალა, რომლითაც ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენს წინააღმდეგ“, - ამბობს მიტროპოლიტი.

ინფორმაციისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბენეფიციარების  ნაწილი უკვე გაიყვანეს. ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სასამართლოს 4 ივნისს მიმართა და დაწესებულებიდან ყველა ბავშვის დაუყონებლივ გაყვანა მოითხოვა. საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები თვლიან, რომ პანსიონში ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის და მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდება.
Print