ახალი ამბები
ზუგდიდში 6 დევნილი ოჯახი უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში სასტუმროს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, შენობა ნგრევადია და იქ ცხოვრება საშიშია. დევნილები, მათი საცხოვრებელი პირობების გადამოწმების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფს დაუყონებლივ ითხოვენ.

"მესამე კატეგორიის ნგრევად შენობაში ვიმყოფებით 6 ოჯახი. ვითხოვთ კონკრეტულს პასუხს, როდის მოვა ჩვენთან მონიტორინგის ჯგუფი. გვემალებიან, ორშაბათს აქ ვიყავით, დღესაც პოლიცია წინასწარ გამოიძახეს. ვითხოვთ მოვიდნენ, გადაგვამოწმონ გვეკუთვნის თუ არა ბინები", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ნანა სალაყაია.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი მანჯავიძის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული შენობა მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა არ არის სიცოცხლისთვის საშიში. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ იქიდან კრიტერიუმების გარეშე ამ დევნილი ოჯახების გაყვანის საფუძველი არ არსებობს.

"შეიძლება ამ დევნილი ოჯახებიდან, რომელიმე მათგანს ან რამდენიმეს, ჰქონდეს შესაბამისი ქულა და დაექვემდებაროს კრიტერიუმით გასახლებას და შესაძლებელია გავიდნენ. დარჩენილები ისევ დარჩებიან იმ დრომდე, სანამ მათი ქულების ოდენობით არ მოხდება მათი გაყვანა შესაბამის ფართებში", - აღნიშნა მანჯავიძემ.

ბარამიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსებში უახლოეს მომავალში კიდევ 600 დევნილი მიიღებს ბინებს.
Print