ახალი ამბები
ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწეს სამწლიანი პირობითი მსჯავრი მიესაჯა
გულრიფშის რაიონულმა სასამართლომ ახრა ავიძბა დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შეძენა შენახვაში, წერს აფხაზური მედია. მას სამწლიანი პირობითი მსჯავრი და 10 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ავიძბასთან ერთად დაკავებული პირები - ასლან გუატიჟევი, ანდრეი ლაკტიონოვი, ტალეხ ჰასანოვი და სტანისლავ კულტა გაამართლეს რეაბილიტაციის უფლებით.

ახრა ავიძბა სოხუმში 4 მარტს დააკავეს. 6 მარტს მას პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იარაღის უკანონოდ შენახვაში წაუყენეს ბრალი. მასთან ერთად დააკავეს 5 პირი. 7 მარტს, სოხუმის "სასამართლომ" დაკავებულს ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად დაკავებული 4 პირი დონეცკის მცხოვრებია, ერთი კი - ყაბარდო-ბალყარეთის.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ავიძბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნა ახალი გაერთიანება, "ახალი ადამიანები". მანამდე, 2 მარტს ის ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობდა სოხუმის ცენტრში გამართულ მიტინგში, სადაც ბენურ კვირაიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის სკანდალურ ვიდეოს აპროტესტებდნენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდება. ის აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა "პრეზიდენტის" პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა. ოპოზიციაში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად იქცა 2019 წლის 22 ნოემბერს მისი ბიძაშვილის, 38 წლის კანონიერი ქურდის "ხასიკის" მკვლელობა.

2020 წლის ივნისიდან ახრა ავიძბა საერთაშორისო საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა. მან "თანამდებობა" 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა" დაასახელა.



Print