ახალი ამბები
ნატო-ს კომუნიკე - მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება
ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ნატო-ს წევრები რუსეთს მოუწოდებენ, გააუქმოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

„საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან სამივე ქვეყანაში განათავსა, მათი თანხმობის გარეშე“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

Print