ახალი ამბები
სოხუმი ნატო-ს კომუნიკეს გამოეხმაურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს ეხმიანება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

"ნატო-ს სამიტის დასკვნითი განცხადება ტრადიციულად მოუწოდებს რუსეთს "გაიყვანოს ჯარი საქართველოდან", უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შეასრულოს მითიური "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება". ამ მოთხოვნების აბსურდულობა აშკარაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებლისთვის, რომელიც იცნობს 2008 წლის აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და არ საჭიროებდა სხვა სახელმწიფოებისგან დამოწმებას. მოსკოვისა და სოხუმის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები ასევე არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების მტკიცებით, ნატო-ს ამ ნაბიჯმა შეიძლება სერიოზულად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში და საბოლოოდ შეარყიოს მონაწილეებისა და საერთაშორისო შუამავლების მუშაობა, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევისკენაა მიმართული.

ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ 2021 წლის 14 ივნისს გამოქვეყნებულ კომუნიკეში დადასტურებულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი.

დოკუმენტის თანახმად, ალიანსის ლიდერები მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.


Print