ახალი ამბები
ბჟანიამ სოხუმში ჩასულ ბასკოვს მესამე ხარისხის ღირსების ორდენი გადასცა
რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი სოხუმში ჩავიდა და პლატფორმა "აფხაზეთის მომავლის" დამფუძნებელთა კრებაში მიიღო მონაწილეობა, წერს "აფსადგილ ინფო". ბასკოვი "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩია". დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მას ამჯერად მესამე ხარისხის ღირსების ორდენიც მიანიჭა.

რუსი მომღერალი ინსტაგრამზე აფხაზეთში გადაღებულ კადრებს ავრცელებს:

"დღეს შესანიშნავი პუბლიკის წინაშე ვიმღერე. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ გადასარევ ხალხთან ურთერთობით, წარმოუდგენელი სტუმარ-მასპინძლობით და ბუნების აუღწერელი სილამაზით", - ამბობს მომღერალი.

ნიკოლაი ბასკოვმა, როგორც სატელევიზიო პროექტის რუსული მუსიკალური გადაცემის "ყველა ერთად" წამყვანმა, სურვილი გამოთქვა, რომ მასში  "აფხაზეთის რესპუბლიკის" წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა, წერს გამოცემა. 

"აფხაზეთის მომავლის" ღონისძიების ფარგლებში ოკუპირებულ რეგიონში შერეული ორთაბრძოლების (MMA) მსოფლიო ვარსკვლავი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFС) ჩემპიონი, დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ივნისს უნდა ჩასულიყო და ცენტრალურ სტადიონზე მასტერკლასი ჩაეტარებინა თუმცა, გამოცემის ცნობით, ვიზიტი გაუქმდა "აშშ-ს და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლის" გამო, რასაც, სავარაუდოდ სამუშაო ვიზის გაუქმება მოყვებოდა და დარტყმის ქვეშ დააყენებდა ჰაბიბის პროფესიულ და კომერციულ კონტრაქტებს აშშ-ში და ასევე UFС-თან ურთიერთობას.


Print