ახალი ამბები
მიტროპოლიტი გრიგოლი: ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს უნდა გაეკეთებინა. მისი თქმით, ყველა ინსტიტუტში არსებობს გარკვეული სახის პრობლემები, მაგრამ მის დაძლევას აღიარება სჭირდება.

"მე იმას ვფიქრობ, რომ ის რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა. არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც არის, ალბათ არის", - აღნიშნა ეპარქიის ხელმძღვანელმა.

მიტროპოლიტი გრიგოლის თქმით, როცა სინოდი შეიკრიბება უნდა იმსჯელოს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დღემდე დაგროვდა.

ინფორმაციისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბენეფიციარების ნაწილი უკვე გაიყვანეს. ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სასამართლოს 4 ივნისს მიმართა და დაწესებულებიდან ყველა ბავშვის დაუყონებლივ გაყვანა მოითხოვა. საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები თვლიან, რომ პანსიონში ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის და მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდება.

მანამდე, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (2016-2021 წლებში) პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
Print