ახალი ამბები
ჭყონდიდის მიტროპოლიტი "თბილისი პრაიდზე": ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ ამ ყველაფერს ადამიანის უფლებებთან კავშირი არა აქვს და მრევლს მოუწოდებს გააპროტესტოს ლგბტ თემის მხარდამჭერი აქცია.

„მე არ ვაპირებ ჩაშლას, უბრალოდ სიტყვით... ვამბობ, სულიწმინდის მადლით ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ. იმიტომ რომ ეს არის სულიწმინდის გმობა. ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელიც ადამიანს აზიანებს. აქედან გამომდინარე, მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი. ვამბობ, რომ არ არის მიზანშეწონილი ამის პროპაგანდა ხდებოდეს. მე არ მითქვამს, რომ გავავსებ რუსთაველს, მე სულიწმინდის მადლით ავავსებ რუსთაველს. აქ როგორ იყო ხოლმე დაპირისპირება, სამი კაცი ყვიროდა ტელევიზიები ემსახურებოდით, ესე შეიძლება მოხდეს იქ, სამმა კაცმა იყვიროს, ტელევიზიები მოემსახუროს მაგას. სულიწმინდის მადლით და აი, ამ ადამიანების მეოხებით, რომლებიც სულიწმინდის მადლით მოქმედებენ, არც ჩხუბს არ აპირებენ და არც არავისთან დაპირისპირებას. მე შეიძლება პირადად არ მივიდე, მაგრამ სხვა ადამიანები, რომ იქ მივლენ ამაში გეპარებათ ეჭვი? ჩემი მოწოდება რა შუაშია, მე რომ საერთოდ ხმა არ ამოვიღო თქვენ გგონიათ, რომ საქართველოში ხალხი გაწყდა და ვეღარ აზროვნებს? მე მოვუწოდებ ყველას, რომ მიუღებლად მიიჩნიონ პროპაგანდა სოდომური ცოდვისა. წავიდნენ, მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ წავიდნენ აქედანაც. საპატრიარქოს მე არ ვახმოვანებ. მე მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე მე დღეს ვიდგე და თქვენს გვერდით „გავაპრავო“ სოდომური ცოდვა. თუ დღეს ამის გამო ფასია, რომ ციხეში უნდა წახვიდე, მე წავალ", - ამბობს მიტროპოლიტი.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშს გამართავს.

„თბილისი პრაიდი“ არის სამოქალაქო მოძრაობა, რომლის მიზანია ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, რომელშიც ლგბტქი ადამიანები არიან დაცულები, მიღებულები, თავისუფლები და სხვა მოქალაქეების თანასწორები.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად თბილისი პრაიდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს პრაიდის კვირეულს.



Print