ახალი ამბები
წელს ანაკლიაში ECHOWAVES ფესტივალი არ ჩატარდება
წელს ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves აღარ გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორები ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერენ და მიზეზად კოვიდვითარებას ასახელებენ. მათივე განმარტებით, ფესტივალი 2022 წლამდე გადაიდო.

"დიდი სურვილისა და შემართების მიუხედავად, წელს ანაკლიაში შეგხვედროდით, სამწუხაროდ, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდ ვითარება ამის საშუალებას არ გვიტოვებს. ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, პირველ რიგში, სტუმრების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. ფესტივალებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

რაც შეეხებათ მულტიპასის მფლობელებს, ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ბილეთებით ფესტივალზე დასწრებას მომდევნო წელს შეძლებენ. ამასთან, მსურველებს ბილეთების დაბრუნება და თანხის მიღება www.tkt.ge-ს მეშვეობით 21 ივნისიდან 21 ივლისამდე შეუძლიათ.

"იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ თარიღებში თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას არ განახორციელებთ, მულტიპასი აქტიური იქნება ფესტივალი ახალი თარიღებისთვის, თანხის დაბრუნებას კი ზემოთმოცემული პერიოდის გასვლის შემდეგ ვეღარ მოახერხებთ. Echowaves 2022 წლის 18-21 აგვისტოს ჩატარდება", - წერენ ორგანიზატორები.

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 19-დან 22 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო.
Print