ახალი ამბები
გამოქვეყნდა სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადების მიღების მეხუთე ეტაპზე, აპლიკაცია სულ 278-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭა. 

კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები ხელმისაწვდომია ბმულზე

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.

"მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა  განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც   ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი სახლი აშენდება.

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლოთ, რომლებიც საკუთრებაში, 2021 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.
Print