ახალი ამბები
არასრულწლოვნების საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებში ბრალდებულ ორივე მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაკავებული მამა-შვილის ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. 

საქმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში დაკავებულ ბ.გ და ზ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგონების ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა გაუპატიურებაში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლი გუშინ დაწვეს. 65 წლამდე და 35 წლის მამაკაცები დაზარალებულების მეზობლები არიან.


Print