ახალი ამბები
აბაშაში შშმ პირის გაუპატიურებისთვის მამაკაცს 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. საუბარია რამდენიმე თვის წინ აბაშაში მომხდარ დანაშაულზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ლ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
Print