ახალი ამბები
მარტვილში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარები გამოვლენილია ქალაქ მარტვილში და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში. ამავე ცნობით, მოქალაქეებს სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული.

ტერიტორიებიდან ასევე ამოღებულია 1.4 კუბური მეტრი მუხისა და 3.82 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ჩამოუგანავი ფიცარი და 4 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი ხე-ტყე - მორი.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
Print