ახალი ამბები
გალის შეხვედრები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის მონაწილეების ინფორმაციით, განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, დაკავებები და გადაადგილების თავისუფლება. ამავე ცნობით, შეხვედრა ორ ცალკეულ ჯგუფად გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

"უსაფრთხოების კუთხით, ადგილზე არსებული ვითარება საერთო ჯამში შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური, თუმცა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის დაკავებებზე, უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებზე, გადაადგილების თავისუფლებასა და კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოების საკითხებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხს, რომელიც ეხებოდა ძალის გამოუყენებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებს. მოლაპარაკების დროს მხარეებმა ასევე განიხილეს შესაძლო ერთობლივი ძალისხმევა პოსტპანდემიური საჭიროებების მოსაგვარებლად. ამასთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს მონაწილეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას ერგნეთში და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრები გალში რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს“,- ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.


მათივე ცნობით, რამდენიმე მონაწილის მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხზე არსებითი დისკუსია ვერ შედგა.

„თანათავმჯდომარეებმა კვლავ მოუწოდეს ყველა მხარეს, ნდობის აღდგენის ძალისხმევა გაზარდონ, მოაგვარონ უსაფრთხოების ყველა ელემენტი და უზრუნველყონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა,” - აღნიშნულია დოკუმენტში.

მომდევნო შეხვედრები 2021 წლის 12 და 13 ოქტომბერს ჩაინიშნა.

Print