ახალი ამბები
მეუფე გრიგოლი "თბილისი პრაიდზე": არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და რა ვქნათ?
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას თავზე ვერ აიღებს და "თბილისი პრაიდის" ჩატარება ხელისუფლების გადასაწყვეტია. ამის შესახებ მეუფემ საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

"მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ. ეკლესიის სახელით, საერთოდ, საუბრობს წმინდა სინოდი. ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს განცხადებების უკან, უშუალოდ პატრიარქი დგას, მღვდელმთავართა რაიმე ჯგუფი, თუ რომელიმე სამოქალაქო საზოგადოება, ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

1-დან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოში პრაიდის კვირეული იმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის "ღირსების მარშის" ჩატარება. მსვლელობის სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ღონისძიების მხარდაჭერისგან.
Print