ახალი ამბები
გაგრაში ტურისტი ქალი და მისი შვილები ზღვის დინებამ გაიტაცა
ტურისტი ქალი სანქტ - პეტერბურგიდან და მისი სამი შვილი გაგრის აკვატორიაში ზღვის დინებამ წაიღო, იტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური. შემთხვევის შესახებ შეტყობინება მაშველებმა 6 ივლისს, დაახლოებით, 11 საათზე მიიღეს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 38 წლის ტამარა მოლჩანოვა და 2013, 2016 და 2018 წელს დაბადებული მისი სამი შვილი, გაგრის რაიონის ერთ - ერთ სასტუმროში ისვენებდნენ. პერსონალმა კატეგორიულად აუკრძალა მათ შტორმის დროს ზღვაში შესვლა, რადგან ტალღების სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა, თუმცა ქალი მაინც წავიდა შვილებთან ერთად მდინარე ბზიფის შესართავთან საცურაოდ. ძლიერმა დინებამ ისინი ზღვაში გაიტაცა. თვითმხილველებმა საგანგებოში დარეკეს. ადგილზე მაშველები მივიდნენ. მათ მოსვლამდე, ადგილობრივებმა და საკუთარი ძალებით შეძლეს ერთ- ერთი ბავშვის ამოყვანა. ბავშვების დედა ტალღებმა გაიტაცა ზღვაში. დანარჩენი ორი ბავშვი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ამისთვის მათ კატერის მობილიზება დასჭირდათ, თუმცა, ერთ - ერთი მათგანი, 2018 წელს დაბადებული ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. უწყების ინფორმაციით, 7 წლის გოგონას სოჭის საავადმყოფოში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. ტამარა მოლჩანოვას საძიებო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

უწყების ცნობით, წინა დღით გაგრაში კიდევ ერთი ტურისტი დაიღუპა, რომელიც შტორმის დროს შევიდა ზღვაში.

Print