ახალი ამბები
აფხაზეთიდან თბილისში გადაყვანილ ახალშობილს „დელტა“ შტამი დაუდასტურდა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი სამი ახალშობილის მდგომარეობის შესახებ საუბრობს, რომლებიც კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. როგორც რეხვიაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში აღნიშნა, ერთ შემთხვევაში გამოვლენილია ე.წ. დელტა შტამი, დანარჩენ შემთხვევაში მიმდინარეობს კვლევები შტამის დადგენის მიზნით. მისი თქმით, ჩვილი, რომელსაც ე.წ. ინდური შტამი დადგინდა, აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

"აქამდე მსგავსი შემთხვევა, როდესაც აპარატზე გადაყვანა მოგვიწია და ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი ბავშვები არ გვყოლია. ერთ-ერთი მათგანი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი, შესაბამისად, ვიცით იქ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვიცით, რომ პრევალირებს ინდური შტამი, ამიტომ გაგვიჩნდა ამასთან დაკავშირებით ეჭვი, და შესაბამისად, ჩაერთო ამ სიტუაციაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გაგზავნილი იქნა ნიმუში. სპეციფიური PCR კვლევით დელტა შტამი დადასტურებულია, თუმცა სეკვენირება გაკეთებული არ არის," - ამბობს დავით რეხვიაშვილი.

მისივე ცნობით, სამივე ახალშობილი კლინიკაში რესპირაციული გართულებით შეიყვანეს.

Print