ახალი ამბები
5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს
"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით, უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი, გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება. ლაშქარავას 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეჭრილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მონაყოლის მიხედვით, ათეულობით პირმა მათი გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორს.

"ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს და 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა", - ამბობს მირანდა ბაღათურია.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

რადიო "ათინათი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს.
Print