ახალი ამბები
ოპერატორის გარდაცვალების გამო ზუგდიდში აქცია გაიმართა
ზუგდიდში, მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. ჟურნალისტები ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზის დადგენასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

"ძალიან ძნელია რამე თქვა, უბრალოდ კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ცალსახად მოვითხოვთ, რომ დაისაჯონ დამნაშავეები დაუყოვნებლივ. რომ ვინმემ აიღოს მომხდარზე ბოლოს და ბოლოს პასუხისმგებლობა და შეეშვან ერთმანეთზე გადაბრალებას. ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ შს სამინისტროს განცხადება მომხდარზე, რაც იყო ყოვლად მიუღებელი ჩემთვის, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის. ჩვენი მოთხოვნა არის დაისაჯოს დამნაშავეები", - თქვა ონლაინ გამოცემა "ლაივპრესის" ჟურნალისტმა ნანა ხუბუტიამ.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეებიც შეუერთდნენ. შეკრებილები ამბობენ, რომ ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა აიღონ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოითხოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შსს მინისტრის გადადგომას თანამდებობიდან დაუყოვნებლივ, იმ ძალიან მძიმე და ტრაგიკული მოვლენების მერე, რაც მივიღეთ 5-6 ივლისის აქციის დროს. ფაქტია, საქართველოს მთავრობამ არ შეუშალა ხელი აქციის ძალადობრივ ფორმაში გადასვლას, მიუხედავად იმისა რომ წინასწარ ჰქონდათ ამ კონტრაქციის წარმომადგენლებს დაანონსებული, მათ არ გადადგეს ქმედით ნაბიჯები", - უთხრა ჟურნალისტებს საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ. 

მოგვიანებით, აქციის მონაწილეების ნაწილმა "ქართული ოცნების" ადგილობრივ ოფისთან გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ. 

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში დილით გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეჭრილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
Print