ახალი ამბები
ომბუდსმენი: პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 5-6 ივლისის მოვლენებზე პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეაფასა. ომბუდსმენი თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ცალსახად და ნათლად დაადასტურა, რომ სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო ორგანიზებული. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად უმრავლესობის დიქტატურა გამოაცხადა, რასაც საერთო არაფერი არა აქვს დემოკრატიასთან.

„პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის. ეს დაადასტურა მან. ასევე, გვითხრა, რომ არამარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ინფორმაციისთვის, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ.

Print