ახალი ამბები
#ლექSOSთვის - რადიო "ათინათი" 1 წუთით მაუწყებლობას შეწყვეტს
TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო საქართველოს ტელე-რადიო კომპანიებმა, მათ შორის, რადიო „ათინათმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა. 15:00 საათზე ტელევიზიების ეთერში 10 წუთის განმავლობაში წარწერა #ლექsosთვის ჩანდა, ხოლო რადიოებმა ეთერი გათიშეს.

მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, საკუთარ სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა, ქართული მედია მღელვარებამ მოიცვა. ჟურნალისტებმა თბილისში, პარლამენტის წინ 11 და 12 ივლისს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროტესტი გრძელდება და პერმანენტულ აქციებს მანამ გამართავენ, სანამ მთავრობა არ გადადგება.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. სამართალდამცავებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით ვიდეოები გაავრცელა. უწყების მტკიცებით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ლექსო ლაშქარავა სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.

37 წლის ოპერატორს დღეს დაკრძალავენ. მას საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჟურნალისტები და ოპერატორები ელოდებიან. ცხედარს ვიდეო კამერების დერეფანში გაატარებენ.


Print